დებულება

დანართი №1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის

მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულება

პ რ ე ა მ ბ უ ლ ა

 

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოში ბიოსამედიცინო სფეროს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ასევე ამ დარგების სპეციალისტთა დახელოვნების აღიარებულ ლიდერ სუბიექტს. ის აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის მიერ 1946 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №220 დადგენილების შესაბამისად რეორგანიზებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულად – „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტად“.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი (შემდგომში -,,ინსტიტუტი“) არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომელიც ახორც იელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. 

2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით. 

3. ინსტიტუტს აქვს ბლანკი და ბეჭედი, საბანკო ქვეანგარიში (ქვეანგარიშები). 

4. ინსტიტუტს შეიძლება ჰქონდეს პერიოდული გამოცემა (ჟურნალი, გაზეთი და სხვ.).

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 

1. ინსტიტუტის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას, სამედიცინო–ბიოლოგიური პროფილის კადრების უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას. ინსტიტუტის დანიშნულებაა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით, მათ შორის: 

ა) ჯანდაცვითი სადიაგნოსტიკო–საექსპერტო საქმიანობის განხორციელება; 

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევით, ჯანდაცვით, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობის განხორციელება. 

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს საინსტიტუტო პრიორიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, ჩაატაროს სამეცნიერო კონფერენციები და სამეცნიერო ხასიათის სხვა ტიპის ღონისძიებები, დაამყაროს სამეცნიერო კონტაქტები ადგილობრივ და უცხოეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში (ერთობლივი სამეცნიერო პროგრამები, საერთაშორისო ფორუმები, სამეცნიერო გრანტები, გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები და სხვა თემატური აქტივობები). 

3. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, ასევე: 

ა) მონაწილეობს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში; 

ბ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში; 

გ) უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩართვას სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა

1. ინსტიტუტის სტრუქტურა   შედგება   ინსტიტუტის მართვის ორგანოების (დირექტორი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო) და შემდეგი სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:

ა.ა) კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი;

ა.ბ) კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი;

ა.გ) გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი;

ბ) არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:

ბ.ა) ბიბლიოთეკა;

ბ.ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ქმნიან ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს. შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამეცნიერო კვლევების მიმდინარე გეგმებს, რასაც ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი;

ბ) ისმენს და ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წლიურ ანგარიშებს და მათ საფუძველზე უზრუნველყოფს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო ანგარიშის მომზადებას;

გ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს ინსტიტუტის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

დ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე ახდენს წლიური სამეცნიერო ანგარიშის ამსახველ პრეზენტაციას; 

ე) დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს, ინსტიტუტის სტრუქტურის ცვლილებების პროექტს და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით დამტკიცების უზრუნველსაყოფად; 

ვ) თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს; 

ზ) სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 

თ) უფლებამოსილია ინსტიტუტის საპატიო წევრებად აირჩიოს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები; 

ი) შეარჩევს ინსტიტუტის დირექტორს და წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად; 

კ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში; 

ლ) ასრულებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა იმართება 2 თვეში ერთხელ მაინც დირექტორის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ან სამეცნიერო საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება გააჩნიათ ამავე სუბიექტებს, დადგენილი წესით.

5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მონაწილეობს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობებისა და სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის წესის შემუშავებაში.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, შეიმუშავებს ინსტიტუტის დირექტორის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევის წესს.

მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მისი უფლებამოსილებები 

1. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სამეცნიერო საბჭო, კენჭისყრის საფუძველზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით. საკითხს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ჩატარდეს ღია თუ ფარული წესით წყვეტს სამეცნიერო საბჭო ღია კენჭისყრის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ სამეცნიერო საბჭომ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ფარული კენჭისყრით არჩევის შესახებ, სამეცნიერო საბჭო ადგენს ფარული კენჭისყრის ჩატარების პროცედურას. 

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: 

ა) უძღვება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; 

ბ) ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმებს; 

გ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო ანგარიშის მომზადებას; 

დ) წარმოადგენს საბჭოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მუხლი 6. ინსტიტუტის დირექტორი 

1. ინსტიტუტის სამეცნიერო-საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი. 

2. ინსტიტუტის დირექტორს შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. ასეთ შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს ინსტიტუტის დირექტორის ახალი კანდიდატურა. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება რექტორის მიერ იმ პერიოდამდე, სანამ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული არ იქნება ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურა. 

3. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. 

4. დირექტორისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი. 

5. ერთმა და იმავე პირმა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს. 

6. ინსტიტუტის დირექტორი, როგორც მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, არის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

7. ინსტიტუტის დირექტორი: 

ა) უზრუნველყოფს ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების ეფექტურად წარმართვას; 

ბ) უნივერსიტეტის შესაბამის მართვის ორგანოებს შესათანხმებლად წარუდგენს ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამეცნიერო კვლევების მიმდინარე გეგმებს; 

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე; 

დ) შეიმუშავებს და შესაბამის მართვის ორგანოებს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის ყოველწლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის პროექტს; 

ე) პასუხისმგებელია ინსტიტუტის დაფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე; 

ვ) უზრუნველყოფს სამეცნიერო ანგარიშის მოსამზადებლად საორგანიზაციო ღონისძიებების გატარებას; 

ზ) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, წარუდგენს ინფორმაციას მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ; 

თ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის შესაბამისი მართვის ორგანოების წინაშე დასვას თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხი; 

ი) საკუთარი უფლებამოსილების ვადით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ინსტიტუტის პერსონალიდან დასანიშნად ან თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის/მოადგილეების და სწავლული მდივნის კანდიდატურებს; 

კ) უნივერსიტეტის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირთან ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს უნივერსიტეტისგან შესაბამისი რწმუნების არსებობის შემთხვევაში; 

ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; 

მ) ახორციელებს წინამდებარე დებულებითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 

8. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას, მისივე დავალებით ასრულებს დირექტორის მოადგილე, რაც უნდა ეცნობოს უნივერსიტეტის რექტორს. 

9. დირექტორისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვ.) შემთხვევაში, ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება შესაძლებელია დაეკისროს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით, რექტორის ბრძანებით. 

10. დირექტორის/დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: 

ა) პირადი განცხადება; 

ბ) სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; 

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 

დ) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს დასაბუთებული წარდგინება; 

ე) გარდაცვალება; 

ვ) უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 

1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი. 

2. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 

3. ინსტიტუტის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

4. ინსტიტუტის სამეცნიერო/არასამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც: 

ა) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი საქმიანობის სამუშაო გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად; 

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების პროექტს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად; 

გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კვლევითი საგრანტო პროექტების შემუშავებას; 

დ) განიხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესისა და დამატებითი საკვალიფიკაციო პირობების შესახებ; 

ე) დირექტორის წინაშე აყენებს სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობის მქონე პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან წახალისების საკითხს; 

ვ) შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დაფინანსების პროექტს; 

ზ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

მუხლი 8. ინსტიტუტის პერსონალი 

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება ადმინისტრაციული, სამეცნიერო და სხვა პერსონალისაგან. 

2. ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება დირექტორი და დირექტორის მოადგილე. 

3. სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნება მეცნიერი და პოსტდოქტორანტი. 

4. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები: 

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 

გ) მეცნიერი თანამშრომელი. 

5. ინსტიტუტის სხვა პერსონალს მიეკუთვნებიან სპეციალისტები, ლაბორანტები, ინჟინრები და სხვა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობები. 

6. ინსტიტუტის დირექტორს/მოადგილეს არ შეიძლება ეკავოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა. 

7. ინსტიტუტის პერსონალის უფლება-მოვალეობები, ასევე მათი შრომითი ურთიერთობის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 9. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის უფლება-მოვალეობები 

1. სამეცნიერო პერსონალს უფლება აქვს: 

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; 

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; 

გ) მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში, მიიღოს დაფინანსება, ისარგებლოს ინდივიდუალური საგრანტო დაფინანსებით, აგრეთვე, მიიღოს ანაზღაურება კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შედეგად ინსტიტუტის მიერ მიღებული შემოსავლებიდან; 

დ) ისარგებლოს უნივერსიტეტის/ინსტიტუტის ბიბლიოთეკითა და სხვა ქონებით; 

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 

2. სამეცნიერო პერსონალი ვალდებულია: 

ა) დაიცვას ინსტიტუტის დებულებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; 

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; 

გ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის/ინსტიტუტის ქონებას; 

დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში; 

ე) შეასრულოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები; 

ვ) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს ინსტიტუტის ინტერესები და რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე ღონისძიებებში; 

ზ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის რეპუტაციას, ხელი შეუწყოს მისი მიზნების განხორციელებას. 

3. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევები.

მუხლი 10. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად. 

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. 

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 7 წლის ვადით. 

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით. 

5. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

6. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას უნივერსიტეტის წესდებითა და ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობებით განსაზღვრული წესით. 

 

მუხლი 11. ინსტიტუტის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 

1. ინსტიტუტი სარგებლობს უნივერსიტეტის მიერ ინსტიტუტისათვის გამოყოფილი სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავ-მოძრავი ქონებით და პასუხისმგებელია ამ ქონების მოვლა-პატრონობასა და ეფექტურად (მიზნობრივად) გამოყენებაზე. 

2. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: 

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხები; 

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; 

გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი; 

დ) შემოწირულობები; 

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყარო. 

3. ინსტიტუტის საქმიანობით მოზიდული სახსრები გამოიყენება უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შემდგომი განვითარებისათვის ან/და პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის. 

მუხლი 12. ინსტიტუტის ლიკვიდაცია 

1. ინსტიტუტის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: 

ა) ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; 

ბ) უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

 

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები 

1. წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს ინსტიტუტის პერსონალის სამსახურში მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადების მიზნებისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგში ინსტიტუტის საშტატო ნუსხის ცვლილების ძალაში შესვლას დროისათვის. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ძალაში შესვლამდე ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები განისაზღვროს შემდეგი სახით: 

ა) კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი: 

ა.ა) ციტოლოგიის ლაბორატორია; 

ა.ბ) პათოლოგიის ლაბორატორია; 

ბ) ტრანსლაციური ბიო-მედიცინის დეპარტამენტი: 

ბ.ა) მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორია; 

ბ.ბ) ანდროლოგიის ლაბორატორია; 

გ) კლინიკური ანატომიის დეპარტამენტი; 

დ) გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი. 

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები, ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 

1. ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით. 

2. წინამდებარე დებულება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.