ჩვენს შესახებ

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოში ბიო – სამედიცინო სფეროს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ასევე ამ დარგების სპეციალისტთა დახელოვნების აღიარებულ ლიდერ სუბიექტს. ის აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის მიერ 1946 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №220 დადგენილების შესაბამისად რეორგანიზებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულად – „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტად“.

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი არის ბაზა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და დოქტურანტურის სტუდენტებთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.

ინსტიტუტის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას, სამედიცინო–ბიოლოგიური პროფილის კადრების უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას. ინსტიტუტის დანიშნულებაა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით, მათ შორის:

ა) ჯანდაცვითი სადიაგნოსტიკო–საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევით, ჯანდაცვით, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობის განხორციელება.