მიმდინარე პროექტები
„ბოლომდე ღირსეული სიცოცხლე“ – მოხუცთა სოციალური, სამედიცინო, ეთიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება გერიატრიული პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამისათვის

პროექტის ხელმძღვანელები: 

სიმონ დალაქიშვილი, მედიცინის  დოქტორი;

ელენე ჯანბერიძე, მედიცინის დოქტორი

პროექტში მონაწილეობს თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის როგორც სამეცნიერო, ისე დამხმარე პერსონალი, ინსტიტუტის ადმინისტრაცია

პროექტის ხანგძლივობა:  5 წელი

პროექტის მოკლე შინაარსი:

            21-ე საუკუნის ერთ-ერთ გლობალური სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობის დაბერება. ეს, ერთი მხრივ, ადასტურებს ეკონომიკისა და ბიოსამედიცინო დარგების მნიშვნელოვან განვითარებას, მაგრამ, მეორე მხრივ,  დღის წესრიგში აყენებს ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის პრობლემას, რაც სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.

            1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიმართა მსოფლიო ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებებს, „ეროვნული ინტერესების შესაბამისად განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რათა პიროვნება სიბერეში იყოს სოციალურად დაცული და ეკონომიკურად დამოუკიდებელი“.     

ამჟამად, კაცობრიობის განვითარების  ისტორიაში 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობამ პირველად გადააჭარბა 14 წლამდე ასაკობრივი მოსახლეობის რიცხვს,   დაირღვა შრომისუნსრიან და შრომისუუნარო მოსახლეობას შორის არსებული თანაფარდობის ბალანსიც – იყო 10/1  და გახდა 2/1. ზემოაღნიშნულს ართულებს ეკონომიკური და სასურსათო კრიზისის მსოფლიო ციკლები, რომელიც ეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს.

მოსახლეობის დაბერება გავლენას ახდენს ოჯახის შემადგენლობისა და ცხოვრების პირობებზე, საბინაო მოთხოვნილებებზე, მიგრაციის ტენდენციებზე, ეპიდემიოლოგიურ და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნილებაზე, ხოლო პოლიტიკურ სფეროში ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

            სიცოცხლის მანძილზე ადამიანის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი კაპიტალი ბევრად აჭარბებბს იმ ხარჯებს, რომელიც მათ წილად მოდის. აღნიშნულის შედეგია ის, რომ თაობიდან თაობამდე საზოგადოებრივი სიმდიდრე მატულობს.  ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მისი ცხოვრების ნირი და შესაძლებლობები. მოხუცებს აქვთ როგორც მორალური, ასევე იურიდიული უფლება, ისარგებლონ ცხოვრების იმ დონით, რომელიც მომდევნო თაობამ მათ მიერ შექმნილი მატერიალური ბაზის საფუძველზე შექმნა. თუ საზოგადოება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრესის გზით განვითარდა, ეს ასაკოვანი მოსახლეობის კაპიტალდაბანდების რენტაბელობის შედეგია.

ამდენად, ასაკოვანი მოსახლეობის სოციალური დაცვით უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკური მართვის და სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულებაა.

             2002 წელს, ქ. მადრიდში, დაბერების პრობლემასთან დაკავშირებით შემუშავდა  საერთაშორისო მოქმედების გეგმა და დამტკიცდა პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც ფოკუსირებულია  სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე:

  • საზოგადოების განვითარება და ხანდაზმული ადამიანები;
  • ხანდაზმულთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
  • ხანდაზმულთა სრულფასოვანი ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა.

ამ მიმართულებათა რეალიზაციისათვის შემუშავებული ჯანდაცვითი და სოციალური კომპლექსური პროგრამები, სხვა ღონისძიებათა შორის, უნდა გულისხმობდეს უფროსი ასაკის მოსახლეობისათვის ისეთი  სამედიცინო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს  მათ ადეკვატურ  მომსახურებას როგორც სტაციონარში, ისე ბინაზე.   ამ   სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პალიატიურ მზრუნველობას.             ონკოლოგიურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ექსპერტული შეფასებით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ამასთანავე, ქვეყანაში არ არსებობს მოხუცთა პალიატიური მზრუნველობის არც მოდელი და არც პროგრამა. არადა, პალიატიური მზრუნველობა წარმოადგენს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის საერთო პოლიტიკის ნაწილს და მათთვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს (ჯანმოს დირექტივები – 2001, 2007, 2014; საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“).

ამასთანავე, არშანიშნავია, რომ არათუ მოხუცთა პალიატიური მზრუნველობა, არამედ, საერთოდ გერიატრიაც კი – შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისაგან: არ არსებობს არც შესაბამისი საგანმანათლებლო-სატრენინგო პროგრამები, არც სერვისები.  

ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს (და მათ შორის მოხუცები შეადგენენ ¾-ზე მეტს) აღენიშნებათ მრავალი სიმპტომი, რომლის ინტენსივობაც და სიხშირეც იცვლება დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა/ღებინება, დისპნოე, შეკრულობა, მადის დაკარგვა და დეპრესია არის ყველაზე ხშირი სიმპტომები, რომლებიც აღინიშნება ამ კონტინგენტის 50%-ში. ამ სიმპტომების პროცენტული მაჩვენებლები კვლევებში ხშირად მერყეობს (მაგალითდ, ტკივილის სიხშირე მერყეობს 35%-დან 90%-მდე), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, კვლევის დიზაინით, შედეგებით, პოპულაციის მახასიათებლებით და გამოყენებული კვლევის მეთოდებით. მიუხედავად დეპრესიის მაღალი მაჩვენებლისა პალიატიურ პაციენტებში, ეს მდგომარეობა ხშირად არის ამოუცნობი ან კიდევ გვიან არის დიაგნოსტირებული. ცუდად არის  გამოკვლეული დეპრესიასა და სხვა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმპტომებს შორის ურთიერთობაც.

მოხუცებულ პაციენტებში ხშირად გვხდება ე. წ. „ასაკთან შეჭიდული“ დაავადებები და მდგომარეობები (კარდიო- და ცერებროვასკულარული დაავადებები, დიაბეტი, დემენცია, მოძრაობის შეზღუდვა, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, შარდის შეუკავებლობა და სხვა). ამასთანავე, ასეთი დაავადებების და მდგომარეობის განვითარება დაკავშირებულია ცხოვრების წესთანაც, გეოგრაფიულ (რეგიონულ) და სოციალურ გარემოსთანაც.

საქართველოში მოხუცთა ყველაზე დამახასიათბელი სიმპტომები არ არის კლასიფიცირებული.  არადა ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებელია როგორც მომსახურების მოდელის, ისე სასწავლო პროგრამების ადეკვატურად აგებისათვის.

 კვლევის მიზანი:

საქართველოში მოხუცთა სოციალური, სამედიცინო, ეთიკური პრობლემების, ჩივილებისა და შემაწუხებელ (მათ შორის „მტანჯველ“) სიმპტომთა და მდგომარეობათა რეგისტრაცია და ანალიზი – გერიატრიული პალიატიური მზრუნველობის ადეკვატური ეროვნული პროგრამის შესაქმნელად რეკომენდაციების შემუშავებისათვის. 

დაგეგმილია ეროვნული მასშტაბის გამჭოლი (ჯვარედინ-სექციური) კვლევის ჩატარება, რომელიც დაფუძნებული იქნება მოხუცთა, მათ შორის მოხუც ინკურაბელურ პაციენტთა ანკეტურ გამოკითხვასა და ინსპექციაზე, ასევე მათ ექიმთა და სოციალურ მუშაკთა გამოკითხვაზე.

კვლევის ამოცანები:

  1. საკვლევის კონტინგენტის და რეგიონების განსაზღვრა და ანკეტების შემუშავება (ექსპერტული წესით);
  2. კვლევითი ექსპედიციების ორგანიზება (საველე სამუშაოები);
  3. საქართველოში მოხუცთა სოციალური, სამედიცინო, ეთიკური პრობლემების, ჩივილებისა და შემაწუხებელ (მათ შორის „მტანჯველ“) სიმპტომთა და მდგომარეობათა ნუსხის (რეგისტრის) შექმნა;
  4. მიღებული ნუსხის სტატისტიკური დამუშავება, შედეგების განზოგადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამისათვის.

კვლევისათვის გამოყენებული იქნება პალიატიური მზრუნველობის ევროპის ასოციაციის EAPC ბაზისურ მონაცემთა კრებული, რომელიც შეიცავს ექიმისა და პაციენტის ფორმებს;

ანალიზისათვის გამოყენებული იქნება ედმონტონის სიმპტომთა შეფასების სისტემა.

ინფორმირებული თანხმობის ფორმები შემუშავდება პალიატიური მზრუნველობის ევროპის ასოციაციის ქსელის გამოცდილების გათვალისწინებით.

კვლევის პროტოკოლის რეგისტრაცია მოხდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბიოეთიკური კომიტეტში – კვლევის ბიოეთიკური მიზანშეწონილობის დადასტურებისათვის.

საველე სამუშაოების დაწყებამდე მოხდება კვლევის პილოტირება.

 

პროექტის ამოცანები:

პროექტის განხორციელება ნავარაუდევია ხუთი წლის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

2018   წელი  –

  • კვლევის კონტინგენტის და რეგიონების განსაზღვრა და ანკეტების შემუშავება
  • ინფორმირებული თანხმობის ფორმის მომზადება
  • პროტოკოლის რეგისტრაცია და თანხმობა მირება ბიოეთიკური კომიტეტიდან
  • საინფორმაციო ვიზიტი კვლევის რეგიონებში;
  • კვლევის რეგიონების ექიმთა და სოციალურ მუშაკთა ინფორმირება და კოლაბორაციაზე შეთანხმება
  • საკვლევი კონტინგენტის წინასწარი აღწერა

2019   წელი  –  

  • კვლევის პილოტირება
  • პილოტური კვლევის შედეგების და ნაციონალური პროტოკოლის დისემინაცია პუბლიკაციებით (საკონფერენციო მასალებით)
  • საველე სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება

2020   წელი  –            

  • საველე სამუშაოები
  • შედეგების სტატისტიკური ანალიზი

2021   წელი  – 

  • საველე სამუშაოები
  • კვლევის შედეგების დისემინაცია პუბლიკაციებით (საკონფერენციო მასალებით)
  • საველე სამუშაოების დასრულება
  • შედეგების სტატისტიკური ანალიზი

2022  წელი  – 

  • კვლევის შედეგების დისემინაცია პუბლიკაციებით (მაღალრეიტინგულ (peer-reviewed) ჟურნალებში და საკონფერენციომასალებით (მათ შორის საერთაშორისო კონგრესზე – EAPC 2022)
  • კვლევის საბოლოო საბოლოო ანგარიშის მომზადება
  • 1 ოქტომბერს – მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას – „ღირსეული სიბერე“ – ჩატარება

პროექტის რეალიზაციის დროს გათვალისწინებულია სტუდენტების და დოქტორანტების მონაწილეობა ლიტერატურის მოძიების და დამუშავების, საველე სამუშაოების და შედეგების დამუშავების პროცესში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს:

  • 2 სადოქტორო პროგრამის რეალიზაციას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების მონაწილეობით;
  • გერიატრიის დამატებითი ლექციების კურსის მომზადებას თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ექიმებისათვის. 

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში დაგეგმილი სხვა კვლევები

გარდა ზემოაღწერილი 2 პროექტისა 2018-2022 წლებში თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარები გეგმავენ ინსტიტუტის ბაზაზე „ინდივიდუალური გეგმით“ განახორციელონ (გააგრძელონ) ის ფუნდამენტური მიმართულების კვლევები, რომელიც დაწყებული იყო წინა წლებში, ან ეფუძნება ადრე მიღებულ შედეგებს.

 კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტში თსუ დოქტორანტებთან მუშაობის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კვლევები:

ა) ჰორმონდამოკიდებულ ორგანოთა სიმსივნური და სიმსივნისწინა პროცესების პროგნოზირების და ახალი რისკ-ფაქტორების დადგენა (ფარისებრი ჯირკვლის მიკროსიმსივნეების მასალაზე). კვლევა გაგრძელდება ქართულ პოპულაციაში ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს გენთა ამპლიფიკაციის შესწავლისათვის.

დაგეგმილია:

  • ჰაშიმოტოს თიროიდიტის და სხვა ლიმფოიდური თიროიდიტების დიფერენციაცია იმუნომარკერებით S-100 cila, Cyclin D1, CK-19, Galectin -3).
  • Hashimoto-სთან ასოცირებული 6p21 ქრომოსომისა და Cyclin D1 ლოკაციის დასადგენი 11q23 ქრომოსომების მიკროჩიპური კვლევა (Microarrays tools) გენური ამპლიფიკაციის არსებობისა და როლის დასადასტურებლად ჰაშიმოტოს თიროიდიტის ფონზე მიკროკარცინომის განვითარების პროგნოზირებისათვის.

ბ) გულმკერდის აორტის ანევრიზმის დროს  ქართულ პოპულაციაში რეტრო- და პროსპექტული კვლევა მიკროსაინფორმაციო რნმ (miRNA) აქტივობის შეფასებისათვის – გენეტიკური განწყობის დადგენის მიზნით.

დაგეგმილია:

  • micro-m RNA დეტექცია ჯაჭვური პოლიმერაზული რეაქციით.
  • აორტის კედელში ექსტრაცელულური მატრიქსის დეგრადაციის ხარისხის შესწავლა მატრიქსული მეტალოპროტეინაზა-9 და მისი ქსოვილოვანი ინჰიბიტორის იმუნოჰისტოქიმიური კვლევით.

კვლევები ითვალისწინებს 2 სადოქტორო პროგრამის რეალიზაციას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების მონაწილეობით;

კვლევების ხელმძღვანელი – პროფ. ლიანა გოგიაშვილი

 

კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტში თსუ დოქტორანტებთან მუშაობის პროგრამის ფარგლებში იგეგმება კვლევები:

  1. ჰეპატოცელულური კიბოს გამოსავალის, განვითარების რისკისა და სისხლში მოცირკულირე ახალი, მაღალმგრძნობიარე სიმსივნის მარკერების კორელაცია HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში – ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მკურნალობის დროს“ .

 

კვლევის ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანგავაძე

 

ჰეპატოცელულური კარცინომა (ჰცკ) მიეკუთვნება განსაკუთრებით აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნეებს. ავთვისებიან სიმსივნეთა შორის სიკვდილობით იგი მესამე ადგილზეა, ხოლო გავრცელების მიხედვით მამაკაცებში მე-5, ქალებში კი მე-7 ადგილი უჭირავს (1, 2). ჰცკ-ის განვითარების რისკი ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მედიკამენტით მკურნალობის ფონზე HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში შესწავლილი არ არის. მეტიც,  ამ პროგრამის 2016 წლის მაისის პროტოკოლის მიხედვით, მკურნალობა ენიშნება ჰცკ-ით დაავადებულ პაციენტებსაც, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფაქტი უნიკალურ საშუალებას იძლევა, ლედ/სოფ მკურნალობისას გამოკვლეული იქნას როგორც ჰცკ-ს განვითარების რისკი, ასევე შეფასდეს მისი ეფექტი ჰცკ-ის პროგნოზზე, რეციდივსა და საკუთრივ სიმსივნურ ქსოვილზე.

 

კვლევის მიზნები და ამოცანები

კვლევის მიზანია, HCV-თ ინფიცირებულ პაციენტებში ლედ/სოფ მკურნალობისას ჰცკ-ს განვითარების რისკის და პროგნოზული პარამეტრების დადგენა და HCV-ით ინდუცირებულ ჰცკ-იან პაციენტებში სისხლში მოცირკულირე სიმსივნის მარკერების პრედიქტორული ღირებულების შეფასება.

პროექტი ითვალისწინებს სამი ამოცანის გადაჭრა:

  • HCV-თ ინფიცირებულ პაციენტებში ლედ/სოფ მკურნალობის ფონზე ჰცკ-ით დაავადებული პაციენტების გამოვლენა.
  • HCV-ით ინდუცირებული ჰცკ-იანი პაციენტების კლინიკური და აპარატული მონიტორინგი  ლედ/სოფ მკურნალობის  ფონზე.
  • HCV-ით ინდუცირებული ჰცკ-იან პაციენტებში სისხლში მოცირკულირე სიმსივნის მარკერების მონიტორინგი მკურნალობის (ვირუს- და სიმსივნე სპეციფიკური თერაპიის) დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში და პაციენტის კვლევიდან გასვლამდე.

დაგეგმილია:

  • HCV-ს ინფექციის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილე მინიმუმ 600 პაციენტის კვლევაში ჩართვა და დაავადების ისტორიის რეტროსპექტული შესწავლა;
  • იმ პაციენტების იდენტიფიკაცია და კვლევაში ჩართვა, რომელთაც HCV-ს ინფექციის მკურნალობის დაწყების მომენტში აღენიშნებათ ჰცკ ან სიმსივნის რეციდივი და/ან მეტასტაზი. იწარმოებს პაციენტთა კლინიკური და ინსტრუმენტული მონიტორინგი დაკვირვების ბოლომდე. პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეფასდება Kaplan-Meier არაპარამეტრული სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით.
  • ჰცკ მქონე პაციენტების სისხლის პლაზმაში მოცირკულირე, ასევე სიმსივნურ და მის მიმდებარე ღვიძლის ქსოვილში (ოპერაციული და/ან ბიოფსიური მასალა) ჰცკ სპეციფიკური ცილის (Gankyrin), დნმ-ის (PSMD10) და მიკრო-რნმ-ების (miRNA 200a, miRNA 200b, miRNA-21, miRNA-15b, miRNA-130b, და miR-214,) ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგი, ვირუს- და/ან ტუმორსპეციფიკური მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან ყოველ 2 თვეში ერთხელ (კვლევის დამთავრებამდე ან პაციენტის კვლევიდან გასვლამდე).

 

კვლევის მოსალოდნელი შედეგები:

მოპოვებული იქნება მონაცემები:

  • ჰცკ-ის განვითარების რისკის თაობაზე ლედ/სოფ-ით მკურნალობისას
  • ლედ/სოფ-ით მკურნალობის ეფექტზე HCV-ით ინდუცირებულ ჰცკ-იან პაციენტებში (მაგალითად: სიმსივნის მდგომარეობის, პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის და სისხლში მოცირკულირე სიმსივნის მარკერების (miRNA 200a, miRNA 200b, miRNA-21, miRNA-15b, miRNA-130b, miR-214, Gankyrin და PSMD10) თაობაზე 
  • ჰეპატოცელულური კარცინომის დროს სისხლის პლაზმაში ცილა Gankyrin-ის და მისი შესაბამისი დნმ-ის თაობაზე (უჯრედულ ციკლში მონაწილე აღნიშნული ცილის მაღალი ექსპრესია ქსოვილში ნანახია ჰცკ-ს  100%-ში, თუმცა არ არსებობს კვლევა სისხლში მისი არსებობის შესახებ.  მოწოდებულ კვლევაზე დაყრდნობით ცილა Gankyrin-ი და/ან მისი შესაბამისი დნმ-ი შეიძლება გახდეს ახალი ჰცკ-ის პლაზმური მარკერი, რაც მნიშვნელოვნად გააიოლებს დაავადების დიაგნოსტიკას ადრეულ სტადიებზე და აამაღლებს მის  ხარჯთეფექტურობას).

კვლევის ჰიპოთეზის დადასტურების შემთხვევაში:

  • HCV ინფექციისა და ჰცკ-ს თანაარსებისას რეკომენდაცია გაეწევა  ლედ/სოფ-ით მკურნალობას;
  • იდენტიფიცირებული იქნება ჰცკ პროგნოზული და პრედიქტორული პლაზმური მარკერები, რომელთა გამოყენება იქნება ხარჯთეფექტური და გაზრდის სიმსივნის და რეციდივის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას;

 

კვლევა ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამის რეალიზაციას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტის მონაწილეობით;

 

ლიტერატურა:

  1. Goossens N, Hoshida Y. Hepatitis C virus-induced hepatocellular carcinoma. Clin Mol Hepatol 2015;21:105-114.
  2. Stvilia K, Tsertsvadze T, Sharvadze L, Aladashvili M, del Rio C, Kuniholm MH, Nelson KE. Prevalence of hepatitis C, HIV, and risk behaviors for blood-borne infections: a population-based survey of the adult population of T’bilisi, Republic of Georgia. J Urban Health 2006;83:289-298.
  3. Liver EAFTSOT. EASL–EORTC clinical practice guidelines: management of hepatocellular carcinoma. Journal of hepatology 2012;56:908-943.
  4. Llovet JM, Decaens T, Raoul JL, Boucher E, Kudo M, Chang C, Kang YK, et al. Brivanib in patients with advanced hepatocellular carcinoma who were intolerant to sorafenib or for whom sorafenib failed: results from the randomized phase III BRISK-PS study. J Clin Oncol 2013;31:3509-3516.
  5. Giordano S, Columbano A. MicroRNAs: new tools for diagnosis, prognosis, and therapy in hepatocellular carcinoma? Hepatology 2013;57:840-847.
  6. Messina JP, Humphreys I, Flaxman A, Brown A, Cooke GS, Pybus OG, Barnes E. Global distribution and prevalence of hepatitis C virus genotypes. Hepatology 2015;61:77-87.
  7. Schweitzer A, Horn J, Mikolajczyk RT, Krause G, Ott JJ. Estimations of worldwide prevalence of chronic hepatitis B virus infection: a systematic review of data published between 1965 and 2013. Lancet 2015;386:1546-1555.
  8. D’Ambrosio R, Colombo M. Should surveillance for liver cancer be modified in hepatitis C patients after treatment-related cirrhosis regression? Liver Int 2016;36:783-790.
  9. Lee HJ, Yeon JE, Yoon EL, Suh SJ, Kang K, Kim HR, Kang SH, et al. Long-term follow-up of chronic hepatitis C patients treated with interferon-alpha: risk of cirrhosis and hepatocellular carcinoma in a single center over 10 years. Intervirology 2015;58:14-21.
  10. Nault JC, Colombo M. Hepatocellular carcinoma and direct acting antiviral treatments: Controversy after the revolution. J Hepatol 2016;65:663-665.
  11. Reig M, Marino Z, Perello C, Inarrairaegui M, Ribeiro A, Lens S, Diaz A, et al. Unexpected high rate of early tumor recurrence in patients with HCV-related HCC undergoing interferon-free therapy. J Hepatol 2016;65:719-726.
  12. Levy C. Spontaneous Regression of Hepatocellular Carcinoma after Eradication of HCV. Journal of Gastroenterology, Pancreatology & Liver Disorders 2014;1.
  13. Mahmood S, Gul A, Saif T. Regression of hepatocellular carcinoma after treatment with Sofosbuvir – A case report. J Pak Med Assoc 2016;66:1507-1509.
  14. Verla-Tebit E, Rahma OE. Regression of hepatocellular carcinoma after treatment of hepatitis C: a case report. J Gastrointest Oncol 2015;6:E52-54.
  15. Lim DH, Park KW, Lee SI. Spontaneous complete regression of multiple metastases of hepatocellular carcinoma: A case report. Oncol Lett 2014;7:1225-1228.
  16. Bastawrous S, Kogut MJ, Bhargava P. Spontaneous regression of hepatocellular carcinoma in a cirrhotic patient: possible vascular hypothesis. Singapore Med J 2012;53:e218-221.
  17. Zhou L, Fu JL, Lu YY, Fu BY, Wang CP, An LJ, Wang XZ, et al. Regulatory T cells are associated with post-cryoablation prognosis in patients with hepatitis B virus-related hepatocellular carcinoma. J Gastroenterol 2010;45:968-978.
  18. Huz JI, Melis M, Sarpel U. Spontaneous regression of hepatocellular carcinoma is most often associated with tumour hypoxia or a systemic inflammatory response. HPB (Oxford) 2012;14:500-505.