ალექსანდრე ნათიშვილის შესახებ
აკადემიკოსი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი დაიბადა 1878 წელს ქალაქ თბილისში. 1899 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-3 კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1907 წლიდან მუშაობდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ. პრეპარაციის საქმეში დიდი მიღწევების, წარმატებული პედაგოგიური მუშაობისთის და სამეცნიერო ნაშრომის ,,საშარდე ორგანოების ანომალიის შესახებ“ მიენიჭა ამალია და ვენცელ გრუბერების სახელობის სამწლიანი სტიპენდია, რომელიც მან განმეორებით 1911 წელსაც მიიღო შრომისთვის ,,ბრმა ნაწლავის მაღალი მდებარეობის შესახებ“.
1909-1911 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ხარკოვის მეან-გინეკოლოგიის ინსტიტუტში და რეასნიანსკის საფერშლო სკოლაში. ის აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების გამგეობის წევრი, ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებული მეცნიერ მედიკოსთა და ფიზიოლოგთა საზოგადოების სწავლული მდივანი.
1917 წ. დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,К морфологии цекум и колон детей первого года жизни“ („წლამდე ასაკის ბავშვთა ბრმა ნაწლავისა და კოლინჯების მორფოლოგიისათვის“) და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1918 წ. ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და ახლადდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუდგა ანატომიის კათედრის შექმნის ორგანიზებას. ა.წ. აირჩიეს ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგედ, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან წაიკითხა პირველად ანატომიის ლექცია ქართულ ენაზე.
1920-1930 წწ. იყო თსუ-ის პრორექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
1919 წელს ალექსანდრე ნათიშვილმა დაიწყო ანატომიის პირველი ქართული სახელმძღვანელოს და ანატომიის ქართულენოვანი ტერმინოლოგიის შექმნა. 1920 წ. გამოვიდა ალ. ნათიშვილის ადამიანის ნორმალური ანატომიის სახელმძღვანელოს პირველი ვერსია, რომელიც არ იყო ილუსტრირებული. მხოლოდ მეოთხე გამოცემას დაერთო მისი მეუღლის, ე. ნათიშვილის და მხატვარ ნ.მ. ზაალიშვილის ილუსტრაციები. ამავე წელს მანვე ქართულ ენაზე გამოსცა თავის ტვინის სექციის სახელმძღვანელო. 1919-1930 წწ. ლათინურ-ქართული ტერმინოლოგია, თავდაპირველად გამოიცემოდა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, ხოლო 1930 წ. გამოიცა ანატომიის სრული ტერმინოლოგია ლათინურ-რუსულ-ქართულ ენებზე.
1930 წ. თსუ-დან მედიცინის ფაკულტეტის გამოყოფისა და თსსი-ის დაარსების შემდეგ, იგი იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის და ანატომიის კათედრის გამგე. ალ. ნათიშვილის ხელმძღვანელობით კათედრაზე შეიქმნა სასწავლო მუზეუმი, სადაც კათედრის თნამშრომლების მიერ შესრულებული 600-ზე მეტი ნახატი, სქემა, სველი და მშრალი პრეპარატი, მულიაჟი, მოდელი, გამშრალი ჩონჩხების და ანომალიური ძვლების ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
1924-1932 წწ. ალ. ნათიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კათედრას, სადაც ასევე შექმნა სახელმძღვანელო. 1932-1945 წწ ზოოვეტის ინსტიტუტში იკავებდა ცხოველთა და ფრინველთა ანატომიის კათედრის გამგის თანამდებობას, 1935 წ. ზოოვეტის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ნათიშვილმა შეადგინა შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ანატომიის სახელმძღვანელო ლათინურ-ქართული ტერმინოლოგიით. აქვე ჩამოაყალიბა ანატომიური მუზეუმი. პარალელურად, 1935-1938 წწ. იგი ფიზკულტურის ინსტიტუტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრასაც ხელმძღვანელობდა.
1932-1941 წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტის ბიომეტრიული სექტორის გამგე, განაგებდა ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ანთროპომეტრიულ კაბინეტს. ფიზგანვითარებისა და ანთროპლოგიური მონაცემების კვლევის საფუძველზე, მან გამოყო ფიზიკური განვითარების სხვადასხვა პერიოდები, რაც მნიშვნელოვანი იყო კლინიკური პედიატრიისათვის. ალ. ნათიშვილმა ასევე შეიმუშვა საბავშვო ავეჯის სტანდარტები, აგრეთვე, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვთა სომატური პროფილი.
ალ. ნათიშვილმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ანტროპოლოგიის განვითარებას. საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ეთნოგენეზის და გენის მიზნით, შეიმუშავა მოსახლეობის ხუთი ლოკალური ვარიანტი: შავზღვისპირული, დასავლეთ ქართული, აღმოსავლეთ ქართული, სამხრეთ ქართული და კავკასიონის.
ალ. ნათიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის კურორტ აბასთუმნის აღდგენაში. 1924 წელს იგი დაინიშნა პირველი ტუბსანატორიუმის დირექტორად.
ალ. ნათიშვილი ინიციატივით 1946 წელს საქ. სსრ მეცნიერების აკადემიაში შეიქმნა ექსპ. მორფოლოგიის ინსტიტუტი, სადაც იგი დაინიშნა დირექტორად და რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსაც.
სამედიცინო სარბიელზე თვალსაჩინო დამსახურებებისათვის 1940 წელს ალ. ნათიშვილს მიენიჭა მედიცინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1947-1951 წწ. აკადემიაში ის ხელმძღვანელობდა ბიოლოგიისა და სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილებას. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
ალ. ნათიშვილი გახლდათ საქართველოს ექიმთა მესამე და მეოთხე ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 1944 წ. საქართველოს სამედიცინო სანიტარული შრომის პროფკავშირის მეცნირთა მუშაკთა ბიუროს თავმჯდომარე, მედიკობიოლოგიური საზოგადოების წევრი, თბილისის ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, მისი უცვლელი თავმჯდომარე. 1930,1949 და 1958 წწ იყო ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის საკავშირო ყრილობის დელეგატი და გამგეობის წევრი. ასევე იყო ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის არქივის რედკოლეგიის წევრი და საპატიო წევრი.
ალ. ნათიშვილი დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით და ლენინის ორი ორდენით.
ალ. ნათიშვილის სახელის უკვდავსაყოფად მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა მისი სახელი, თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში დაარსდა ალ. ნათიშვილის სახელობის სტიპენდია. ასევე, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი.
ალექსანდრე ნათიშვილი გარდაიცვალა 1959 წელს.
