ENG

სიახლეები

მოლეკულური ონკოლოგიის კვლევაში შეფასდა ახალი ბიომარკერების მნიშვნელობა

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს სიმსივნის მოლეკულური პათოლოგიის კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ქსოვილსა და პლაზმაში მოცირკულირე სიმსივნესთან ასოცირებული დნმ-ის, რნმ-ისა და მიკრო-რნმ-ის იდენტიფიკაცია და მათი ბიომარკერული მნიშვნელობის შეფასება.

2024–2025 წლებში ჩატარებული კვლევების ფარგლებში შესწავლილ იქნა Gankyrin-ის (PSMD10) და miRNA-122, miRNA-130, miRNA-15, miRNA-152, miRNA-200A, miRNA-200B, miRNA-21, miRNA-26 და miRNA-9-ის ბიომარკერული ღირებულება და მათი როლი ჰეპატოცელულური კიბოს კანცეროგენეზში.

კვლევის ამ მიმართულებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომებში მონაწილეობდნენ მიხეილ ჯანგავაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზანდა ბედინაშვილი, ნანა გოიშვილი, ქეთევან ცომაია, ია ხახუტაიშვილი, ირაკლი კირვალიძე და სხვა მკვლევრები და თანამშრომლები.

მიღებული შედეგები წარმოდგენილი იყო 36th European Congress of Pathology-ზე ფლორენციაში და Association for Molecular Pathology Europe 2024 Congress-ზე მადრიდში და აისახა შესაბამის სამეცნიერო პუბლიკაციებში.

კვლევის მიზანია ჰეპატოცელულურ კიბოსთან დაკავშირებული მოლეკულური ცვლილებების შესწავლა და ისეთი ბიომარკერების შეფასება, რომელთაც კიბოსა და მისი რეციდივის დიაგნოსტიკაში პოტენციური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ.